English / ქართული / русский /
მურმან კვარაცხელია
ეკონომიკური კრიზისების გენეზისი

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური კრიზისების ბუნება, მათი წარმოშობის მიზეზები და  თავისებურებები. კრიზისების გენეზისის შესწავლა ყოველთვის აქტუალურია.  მისი  არსი მუდმივად იცვლება და საჭიროებს დროის ადეკვატურად ამ პროცესების მეცნიერულად შესწავლასა და გამოსავლის გზების ძიებას.  აქედან ცხადია, კრიზისებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა სათანადო შედეგს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ ეკონომიკური აზრის თეორიებში შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები და მიდგომები არსებობს. ამ მხრივ განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა მარქსის თეორია, რომლის მთავარი არგუმენტი და პოსტულატი სწორედ კერძო საკუთრების უგულებელყოფა და სახელმწიფოს როლის გაფეტიშებაა საზოგადოებაში. ეს კი ეკონომიკურ კრიზისებს ძირშივე გამორიცხავს სახელმწიფოს გადამწყვეტი როლის გამო. თუმცა თანამედროვე  ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ    მისი თეორიები დღევანდელობაშიც გარკვეულწილად სასარგებლოა, ვინაიდან მარქსის შრომების 95%  სწორედ კაპიტალისტური სისტემის  ანალიზს ეყრდნობა.      

კრიზისების შესახებ მილტონ ფრიდმანმა შეიმუშავა ფულადი თეორია, რითაც საბანკო პროცენტის განაკვეთის რყევა კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად დაასახელა. მისი აზრით, როდესაც ეკონომიკაში კრიზისია,  ეს იწვევს საბანკო კრედიტების შემცირებას და შესაბამისად იზრდება საპროცენტო განაკვეთის დონე. ნაღდი ფულის მასის შემცირების შედეგად კი იწყება ჭარბწარმოების კრიზისი.

ჰობსონისა და ფოსტერის შრომებში  არასაკმარისი მოხმარების თეორიამ  პოვა ასახვა. მათი აზრით,  ციკლს წარმოშობს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული პროპორციის რღვევა. ეს თეორია აიხსნება ადამიანების ფსიქოლოგიური თავისებურებებით, დაზოგვისადმი მათი მიდრეკილებებით. ხდება წარმოების საშუალებებზე მოთხოვნის შემცირება და ამას მოსდევს ინვესტიციების ვარდნა. კრიზისის კვლევისას უმნიშვნელოვანესია მოგების ნორმის ანალიზი. ეკონომიკური ბუმის დროს მოსახლეობასა და მეწარმეებს შორის ოპტიმისტური განწყობა ზრდის კაპიტალის მომგებიანობის ოპტიმისტურ მოლოდინებს. შედეგად ჭარბი ოპტიმიზმი გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას, სასესხო პროცენტის შემცირებას, ხელფასის ზრდას და ა.შ.

1976 წელს გაჩნდა ახალი მაკროეკონომიკური თეორია, რომელიც რაციონალური მოლოდინების ჭრილში განიხილავდა ფირმებისა და შინამეურნეობების ქცევას. აღნიშნული თეორიის ავტორია რობერტ ლუკასი და იგი კეინზისგან განსხვავებით, რომელიც აგრეგირებულ, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს აანალიზებდა, ორიენტაციას ახდენს მიკროეკონომიკურ ფაქტორებზე და იკვლევს მათ დაწვრილებით. მომდევნო პერიოდებში ვითარდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული თეორიები. 

ი. შუმპეტერისა და ე. ჰანსენის ინოვაციების თეორია ემყარება იმას, რომ ეკონომიკაში  პერიოდულად ინერგება მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური ცვლილებები და შედეგად წარმოიქმნება საქონლის ჭარბწარმოება. შუმპეტერის დასკვნით,  გრძელვადიანი ციკლი თავადვე მოიცავს მოკლევადიან და საშუალოვადიან ციკლებს, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენენ, რაც უფრო ართულებს კრიზისის მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას.

ოლივიე ბლანშარის მოსაზრებით, ეკონომიკურ ციკლებში ფინანსური სექტორის არასაკმარის როლშია პრობლემა. მისი მოსაზრებით, ფინანსური მექანიზმის გარეშე კრიზისის წარმოშობის მიზეზებისა და მისი განვითარების ტენდენციის გაგება შეუძლებელი ხდება.

ი. შუმპეტერისა და ე. ჰანსენის ინოვაციების თეორია ემყარება იმას, რომ ეკონომიკაში  პერიოდულად ინერგება მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური  ცვლილებები და შედეგად წარმოიქმნება საქონლის ჭარბწარმოება. შუმპეტერმა დაასკვნა, რომ გრძელვადიანი ციკლი თავადვე მოიცავს მოკლევადიან და საშუალოვადიან ციკლებს, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენენ და ეს უფრო ართულებს კრიზისის მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას.

კრიზისების უმეტესობის ისტორია ფინანსურ სექტორში წარმოშობილი მწვავე მდგომარეობით იწყება და შემდგომ ედება მთელ ეკონომიკას.

კრიზისების გამომწვევ მიზეზად ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევდა სახელმწიფოს როგორც რეგულატორის სისუსტეს. მრავალ ქვეყანაში პირველმა კრიზისმა პრივატიზაციის პროცესის და კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების კუთხით დიდი როლი ითამაშა.

ფინანსურ  კრიზისს წარმოშობის გარკვეული თავისებურება გააჩნია. იგი  მაშინ წარმოიშობა,  როცა კომპანიებს იმაზე მეტი ნაღდი ფული სჭირდებათ, ვიდრე მიღება შეუძლიათ. კრიზისის წარმომშობი კიდევ ერთი ფაქტორი დავალიანების მაღალი დონეა ეკონომიკაში. ამის წყალობით ფინანსურ სექტორში წარმოქმნილი არასტაბილურობა სხვა სფეროებსაც გადაეცემა და ზემოქმედებს მთლიან ეკონომიკაზე.                                                        

შესავალი

ეკონომიკური კრიზისების ბუნება, ციკლები და მასთან დაკავშირებული თეორიები ხშირი განხილვის საგანია მეცნიერებაში.  ამის მთავარი მიზეზი, ჩვენი აზრით, ეკონომიკური პროცესების ცვალებადობაა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას. მიუხედავად უამრავი კვლევებისა, დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ისეთი ეკონომიკური ფენომენის შესახებ, როგორიცაა ციკლური რყევების გამომწვევი მიზეზები. აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა XX-XXI საუკუნეებში მსოფლიოს წინაშე წარმოშობილი მწვავე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების წყალობით. ეს პროცესი ყოველთვის იჩენდა თავს, მაგრამ ბოლო  ათწლეულებში პერიოდულად ფიქსირდებოდა, თუმცა ზოგჯერ ნაკლები სიმწვავითა და სიღრმით იყო გამორჩეული. 

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მოხდა  აღნიშნული საკითხის მწვავე აქტუალიზაცია გლობალური სამყაროს წინაშე.  ეს გახდა ერთ-ერთი მოტივაცია მეცნიერ-ეკონომისტებს დაეწყოთ აქტიური მსჯელობები ამ მიმართულებით  და ჩამოეყალიბებინათ სხვადასხვა სახის ახალი თეორიები, რომლებიც ხშირად იცვლებიან და ამავე დროს,  ერთმანეთისგან რადიკალურადაც  განსხვავდებიან. 

* * *

ეკონომიკური აზრის ისტორიაში კრიზისების თეორიაზე ტრადიციული კლასიკური სკოლის მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით, იქიდან აშკარად იკვეთება, რომ  კრიზისები დროებითი ხასიათისაა, ვინაიდან სრულყოფილი კონკურენციის პირობებში მოქმედებს ბაზრის თვითრეგულირების პრინციპი. წარმოება წარმოშობს საკუთარ მოთხოვნას და მოქნილი ფასების წყალობით ნებისმიერი უეცრად წარმოშობილი დისპროპორცია ავტომატურად რეგულირდება. თუმცა ნიშანდობლივია ისიც, რომ ბაზარი სრულყოფილი აბსოლუტურად არასოდეს არ არსებობს, რაშიც არაერთხელ დარწმუნდნენ მეცნიერ-ეკონომისტები. აქედან გამომდინარე,  აღნიშნულ თეორიაზე სრულად დაყრდნობა ეკონომისტთა უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. თანამედროვე ამერიკელი ეკონომისტი ანვარ შეიხი [15] ამ ეკონომიკურ ორთოდოქსს – სრულყოფილი ბაზრის, სრულყოფილი ცოდნისა და მოლოდინების არსებობას, სრულყოფილი ნონსენსის სამეულსაც კი უწოდებს.

კლასიკოსებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ კრიზისებზე კარლ მარქსის მოძღვრების მიმდევრებს. ამ თეორიის მიხედვით კრიზისის მთავარ წარმომშობ მიზეზად მიჩნეულია კერძო საკუთრების არსებობა და კონკურენციის პირობებში მოქმედი საბაზრო სისტემის ბატონობა. ისინი ხაზგასმით ამბობდნენ, რომ კაპიტალისტური სისტემა ზოგადად წინააღმდეგობრივია და ყოველთვის ქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. საზოგადოებრივად წარმოებული საქონლის მითვისება ხდება არსებული კაპიტალისტური ფორმების დამსახურებით. კაპიტალისტური ეკონომიკა წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, რომელიც  დროდადრო წარმოქმნის ანარქიულ პროცესებს ეკონომიკაში. მეწარმეებისთვის ბუნდოვანია მოთხოვნის რეალური დონე, რადგან ისინი მოქმედებენ მიკროდონეზე,   ვერ ერკვევიან საბაზრო კანონებში და მაღალი რისკის პირობებში უწევთ ფუნქციონირება. საზოგადოების მოთხოვნები კი არაპროგნოზირებადია. ამასთან, ცვალებადია ფასები და ბაზარი არასრულყოფილების ქაოსშია მოქცეული. ეს მიზეზები ერთობლიობაში წარმოქმნის ჭარბწარმოების გარდუვალ კრიზისს.

საბოლოო ჯამში მარქსის თეორია მიდიოდა იმ დასკვნამდე, რომ კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მოგების ნორმის შემცირება იყო. მარქსს ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს კომუნიზმის თეორეტიკოსად, თუმცა თანამედროვე ბრიტანელი ეკონომისტი კლიფ ბოუმანი[16] წერდა, რომ  მისი თეორიები დღევანდელობაშიც გარკვეულწილად სასარგებლოა, ვინაიდან მარქსის შრომების 95% სწორედ კაპიტალისტური სისტემის  ანალიზს ეყრდნობა. ისიც ფაქტია, რომ სწორი და სიღრმისეული ანალიზის გარეშე შეუძლებელია ეფექტიანი და დასაბუთებული სტრატეგიული ხაზის განსაზღვრა, რაც უმტკივნეულოდ გაუმკვლავდება სხვადასხვა გამოწვევებს.

კრიზისების და, კერძოდ, ჭარბწარმოების კრიზის შესახებ მილტონ ფრიდმანმა შეიმუშავა ფულადი თეორია, რითაც საბანკო პროცენტის განაკვეთის რყევა კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად დაასახელა. ფრიდმანის აზრით, როდესაც ეკონომიკაში კრიზისია, ეს იწვევს საბანკო კრედიტების შემცირებას და შესაბამისად იზრდება საპროცენტო განაკვეთის დონე, ნაღდი ფულის მასის შემცირების შედეგად კი იწყება ჭარბწარმოების კრიზისი.

ფრიდმანისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს კეინზს: სასესხო პროცენტის ნულამდე შემცირების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა, რადგანაც ეროვნული ეკონომიკის ბედს განსაზღვრავს მეწარმეთა მოგება, და არა საპროცენტო განაკვეთი („ლიკვიდურობის ხაფანგი“). კეინზის მიხედვით ეკონომიკური ციკლის გამომწვევი ერთობლივ მოთხოვნასა და გამოშვებაში ცვლილებები იყო. მისი განმარტებით, ერთობლივი მოთხოვნა/მიწოდების ცვლილება განაპირობებს ინვესტიციების არასტაბილურობას. კეინზიანური მოდელი ფართოდ გამოიყენებოდა და იგი თავის მსჯელობაზე დაყრდნობით ასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას. თუმცა მოგვიანებით აშშ-ში წარმოქმნილმა მოვლენებმა კეინზიანური ანალიზი ეჭვქვეშ დააყენა. მისი თეორია ვეღარ პასუხობდა მდგომარეობას, რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. მაღალ ინფლაციას კეინზიანური თეორია ვერ უმკლავდებოდა.  სტაგნაცია სტაგფლაციაში გადაიზარდა და ფილიპსის მრუდის კავშირიც ინფლაციასა და უმუშევრობის დამოკიდებულების შესახებ ეჭვქვეშ დადგა. მოგვიანებით ფრიდმანმა (1968) და ფელპსმა (1967,1968) დაასაბუთეს არაპროგნოზირებად ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირი. 

ჯ.მ. კეინზის ნაშრომების გარდა, არასაკმარისი მოხმარების თეორიამ პოვა ასახვა   ჰობსონისა და ფოსტერის შრომებში. მათი აზრით,  ციკლს წარმოშობს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული პროპორციის რღვევა. ეს თეორია აიხსნება ადამიანების ფსიქოლოგიური თავისებურებებით, დაზოგვისადმი მათი მიდრეკილებებით. ხდება წარმოების საშუალებებზე მოთხოვნის შემცირება და ამას მოსდევს ინვესტიციების ვარდნა. კრიზისის კვლევისას უმნიშვნელოვანესია მოგების ნორმის ანალიზი. ეკონომიკური ბუმის დროს მოსახლეობასა და მეწარმეებს შორის ოპტიმისტური განწყობა ზრდის კაპიტალის მომგებიანობის ოპტიმისტურ მოლოდინებს. შედეგად ჭარბი ოპტიმიზმი გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას, სასესხო პროცენტის შემცირებას, ხელფასის ზრდას და ა.შ. მაგრამ ამ პერიოდს მოსდევს ვარდნა, რომლის დროსაც ოპტიმიზმი პესიმიზმით იცვლება და საწინააღმდეგო ეფექტი მოქმედებს. იზრდება საპროცენტო განაკვეთი და მოგების ნორმა ნულისკენ მიისწრაფვის. კეინზიანელების აზრით, ასეთ დროს სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. კეინზის თეორია, რომ ციკლური რყევების მიზეზი მოხმარებაში განხორციელებული ცვლილებებია, მისი იმჟამინდელი უუნარობის გამო  შეიცვალა ნეოკლასიკური „მიწოდების ეკონომიკით“.

1976 წელს გაჩნდა ახალი მაკროეკონომიკური თეორია, რომელიც რაციონალური მოლოდინების ჭრილში განიხილავდა ფირმებისა და შინამეურნეობების ქცევას. აღნიშნული თეორიის ავტორია რობერტ ლუკასი და იგი კეინზისგან განსხვავებით, რომელიც აგრეგირებულ, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს აანალიზებდა, ორიენტაციას ახდენს მიკროეკონომიკურ ფაქტორებზე და იკვლევს მათ დაწვრილებით. ლუკასი ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებამდე სწორედ მიკროეკონომიკური ანალიზით მივალთ, თუმცა ფაქტობრივად ამის ჩვენება  ძალიან რთული აღმოჩნდა და მისი თეორია ჩიხში შევიდა.

მომდევნო პერიოდებში ვითარდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული თეორიები. ერთ-ერთი პირველი ამ თეორიის განვითარებაში იყო პიგუ.  მისი მსჯელობის მიხედვით კრიზისები დამოკიდებულია მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე:  პესიმიზმისა და ოპტიმიზმის ცვლილებები იწვევს ეკონომიკაში კრიზისებისა და ბუმის ტალღებს.

ი. შუმპეტერისა და ე. ჰანსენის ინოვაციების თეორია ემყარება იმას, რომ ეკონომიკაში  პერიოდულად ინერგება მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური ცვლილებები და შედეგად წარმოიქმნება საქონლის ჭარბწარმოება. შუმპეტერის დამსახურება საქმიანი ციკლების კვლევაში საკმაოდ დიდია. მან ჩატარებული კვლევითი ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ გრძელვადიანი ციკლი თავადვე მოიცავს მოკლევადიან და საშუალოვადიან ციკლებს, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენენ და ეს უფრო ართულებს კრიზისის მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას.

კრიზისებთან დაკავშირებით არსებობს მეტისმეტი ინვესტირების თეორია, რომელიც შემუშავებულია ფ. ჰაიეკის, ლ. მიზესისა და რობერტსონის მიერ. ეს თეორია ამტკიცებს, რომ კრიზისის მიზეზები ეკონომიკური ზრდის პერიოდებში მეტისმეტი ინვესტირებაა. კრიზისების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად ისინი გვთავაზობენ ეკონომიკური ბუმების დაუშვებლობას, ამისთვის კი საჭიროა საპროცენტო განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში. 

მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატებმა ედვარდ პრესკოტმა და ფინ კიუდლანდმა რეალური საქმიანი ციკლის თეორიის შექმნით, მიზნად დაისახეს ლუკასის თეორიის ანალიზისას წარმოშობილი სირთულის დაძლევა. მათი  თეორია ეყრდნობა სრულყოფილი კონკურენციისა და რაციონალური მოლოდინების დაშვებებს. 

რეალური საქმიანი ციკლების თეორია იყო სრულიად ახლებური მიდგომა. მის საფუძველზე დასაბუთდა რომ: ციკლების შესწავლა შესაძლებელია ზოგადი წონასწორობის დინამიკური მოდელებით და  საქმიანი ციკლის მოდელი ადეკვატურად ახასიათებს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის კანონზომიერებებს.

პრესკოტი და კიულენდი იყვნენ „ახალი კლასიკოსები“, ვინაიდან ისინი მიყვებოდნენ იდეას, რომ ყველა რყევას წონასწორული ხასიათი გააჩნდა. ისინი კლასიკოსების მსგავსად და კეინზისგან განსხვავებით სახელმწიფო სტაბილიზაციას არასაჭიროდ თვლიდნენ განვითარებულ ქვეყნებში, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი ნაწილი წონასწორობის მოდელში გათვალისწინებულია და არაა საჭირო მოდელებში დამატებით საბაზრო წონასწორობის გადახრის პარამეტრებად შეტანა.

ამ  მოდელების შემქმნელებმა  შეძლეს მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური  მაჩვენებლების დაკავშირება და მათ შორის ორგანული კავშირის დამყარება, ემყარებოდნენ რა ქცევის რაციონალურობის, ოპტიმალური გადაწყვეტილებისა და მოგების მაქსიმიზაციისკენ სწრაფვის დაშვებებს. ამ მოდელში ეკონომიკური რყევების განმაპირობებელი მიზეზების ანალიზიდან ჩანს, რომ ყველაზე დიდი წილი ტექნოლოგიურ შოკებზე მოდის (75%).

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ პრესკოტმა და კიუდლანდმა შექმნეს რეალური ეკონომიკური ციკლის თეორია, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება და საფუძველი ჩაუყარეს ეკონომიკური კრიზისის სისტემურ შესწავლას.

ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებით დღესდღეობით ეკონომისტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მთავარი მიზეზი გამომწვევი რეალურ სექტორში მერყეობაა.

თანამედროვე ეკონომისტის  ოლივიე ბლანშარის მოსაზრებით, ეკონომიკურ ციკლებში ფინანსური სექტორის არასაკმარის როლშია პრობლემა. მისი მოსაზრებით ფინანსური მექანიზმის გარეშე კრიზისის წარმოშობის მიზეზებისა და მისი განვითარების ტენდენციის გაგება შეუძლებელი ხდება. ბლანშარის შენიშვნა უკანასკნელმა მოვლენებმა დაადასტურა. მართალია ფინანსური სექტორი დამოკიდებულია რეალურ ბიზნესზე, მაგრამ თავად ფინანსურ სექტორს დამოუკიდებლად დანაზოგებისა და რისკის გადანაწილების გზით შეუძლია გადამწყვეტი დარტყმის მიყენება ბიზნესპროცესებზე.

დღევანდელობაში ფინანსურ სფეროს განუსაზღვრელი მასშტაბები უჭირავს. იგი საკმაოდ მოწყვლადი სფეროა და შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს ციკლური პროცესების ცვლილებაზე და კრიზისის განვითარებაზე. თუმცა  ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისის ერთადერთ გამომწვევ მიზეზად ფინანსური სექტორი უნდა ჩავთვალოთ.

ეკონომიკური კრიზისი მოიცავს მთელ ეკონომიკას, იგი მძაფრი და დამანგრეველი გამოვლინებებით ხასიათდება და მკვეთრად აუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ადამიანების ცხოვრების დონეს.  ამ პროცესებს  უმეტეს შემთხვევაში წინ უძღვის ფინანსური კრიზისი. მსოფლიოში კრიზისების ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მწვავე და ღრმა კრიზისები  ბოლო პერიოდში XX-XXI საუკუნეში მოხდა.

ეკონომიკური კრიზისი ორი სახით შეიძლება გამოვლინდეს: ჭარბწარმოებისა და ნაკლწარმოების კრიზისებით.  ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კაპიტალისტური ქვეყნებისთვის პირველი შემთხვევაა დამახასიათებელი,  ხოლო ყოფილი  სოციალისტურისთვის  –  მეორე.

ჭარბწარმოების კრიზისი იწყება საქონლის გასაღების პრობლემით, რომელიც იწვევს  სასაქონლო მარაგების ზრდას, ფირმების გაკოტრებას, უმუშევრობის ზრდას და ხელფასების შემცირებას და საბოლოოდ მიდის საფინანსო სისტემის მოშლამდე და ცხოვრების დონის დაქვეითებამდე.

უნდა აღინიშნოს,  რომ კრიზისი  ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ დარგებზე ნაკლებად ზემოქმედებს. ამას გარდა ვინაიდან მომსახურების სექტორის როლი დღითიდღე იზრდება, კაპიტალის როლი შედარებით შემცირდა, რამაც კრიზისის ხანგრძლივობაც შეამცირა. კრიზისების ხასიათმა გამოავლინა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ბევრად უფრო მოქნილად პასუხობს რყევებს, ხოლო გიგანტები ადვილად ზარალდებიან.

კრიზისების გენეზისს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასე, მაგალითად, 1929-33 წლები განსაკუთრებით მძიმე იყო მსოფლიოსთვის. ეს იყო „დიდი დეპრესიის“ სახელწოდებით შემორჩენილი უდიდესი კრიზისი მსოფლიო ისტორიაში, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც შემდგომ არ განმეორებულა.

ომის შემდგომ (1948-49  წ.) აშშ-ში წარმოიშვა ჭარბწარმოების კრიზისი და  მომდევნო პერიოდებში სხვა ქვეყნებშიც განმეორდა.   II  მსოფლიო ომის კრიზისი განმეორდა 1957– 58, 1974–75, 1980-81 წლებში, თუმცა ნაკლები სიმწვავით. კეინზის თეორიის გათვალისწინებით და მთავრობის კეინზიანური ანტიციკლური პოლიტიკით კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურება მოხერხდა.

ამის პარალელურად სოციალუსტური ქვეყნები ხასიათდებოდნენ ნაკლწარმოების კრიზისით, რაც ბიუროკრატიით და წარმოების საშუალებათა სახელმწიფო საკუთრებით იყო განპირობებული. ეს იყო სისტემა, რომელიც ეკონომიკის განვითარების ხელისშემშლელად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა მოხდა ქვეყანათა უმეტესობის ახალ წყობაზე გადასვლა და ნაკლწარმოების კრიზისი აღმოიფხვრა. ეს პროცესი მე-20 საუკუნის 80-90 წლებში მიმდინარეობდა.

ბოლო მწვავე  ფინანსური კრიზისი, რომელსაც დიდ დეპრესიასაც კი ადარებენ, 2008 წელს მოხდა. უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და სახელმწიფოებს ტრილიონობით დოლარის დახარჯვა მოუხდათ, რათა უდიდესი ფინანსური კრახი აეცილებინათ თავიდან. პროცესი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კაპიტალისტური სისტემა და ლიბერალური მიდგომების ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენა.

2011 წლიდან რიგ ქვეყნებში კიდევ ერთხელ გაჩნდა ფინანსური კრიზისი. ევროპის ქვეყნებში სახელწმიფო ვალის ზრდისა და ბიუჯეტის დეფიციტის გამო ქვეყანათა ნაწილი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა 2012 წელს მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა ევროკავშირის ფინანსური დახმარების წყალობით.

ისტორიას თუ გადავხედავთ, კრიზისების უმეტესობა ფინანსურ სექტორში წარმოშობილი მწვავე მდგომარეობით იწყება და შემდგომ ედება მთელ  ეკონომიკას.

კრიზისების გამომწვევ მიზეზად ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევდა სახელმწიფოს როგორც რეგულატორის სისუსტეს. მრავალ ქვეყანაში პირველმა კრიზისმა პრივატიზაციის პროცესის და კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების კუთხით დიდი როლი ითამაშა.

2008 წლის კრიზისის შემდეგ ცხადი გახდა ჩარლზ კინდელბერგის ნაშრომის სისწორეც, რომელიც ფინანასური კრიზისის მიზეზებს იკვლევდა და მისი ანალიზი შემდეგ ლოგიკას ექვემდებარება: პოზიტიური მოლოდინების საფუძველზე ინვესტორები იწყებენ თავიანთი თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდებას და ეს ხშირად ჭარბ დაბანდებებად იქცევა. მას შემდეგ რაც ეკონომიკური აგენტები აღმოაჩენენ, რომ მომავალი ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასეს, ფინანსური სისტემა ირყევა და შესაძლოა დაიწყოს პანიკა. უეცრად წარმოქნილი ფინანსური „ბუშტები“ სკდება. 80-იან წლებში კინდელბერგის თეორია პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი სისწორე დამტკიცდა. მისი თეორია მინსკის მოდელს ემყარება.

კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობის კვლევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჰაიმან მინსკის (1919-1996) წვლილი, იგი განიხილავდა გლობალური ფინანსური კრიზისისა და კაპიტალიზმის სიმყიფეს. ფინანსური კრიზისის წარმოშობის საწყის მიზეზად საკრედიტო სფეროს ასახელებდა. მინსკი პოსტკეინზიანელადაა მიჩნეული და იგი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევდა საკრედიტო ექსპანსიის ყველა არხზე კონტროლს. ამის მიზეზი იყო მისი მოსაზრება, რომ ბანკის გარეთ კერძო დაკრედიტების არსებობა კიდევ უფრო ზრდის საგადასახდელო ვალდებულებებს. კაპიტალიზმის როგორც სისტემის ნაკლოვანებების კვლევისას მინსკი ასკვნის, რომ როგორც კი ხდება კრიზისის არიდებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება, ეს კიდევ უფრო ზრდის ახალი კრიზისის წარმოშობის რისკებს, რომელიც უფრო მწვავე შეიძლება აღმოჩნდეს.

მინსკი იკვლევდა ეკონომიკურ აგენტთა ფსიქოლოგიას, შემდგომში ჩარლზ კინდელბერგმა მის მსჯელობაზე დაყრდნობით განავითარა ფინანსური კრიზისის შესახებ თეორია. მინსკი ამბობს, რომ კრიზისის წინაპირობა წარმოიქმნება საინვესტიციო ბუმის დროს. ფინანსური სისტემა ფუნდამენტურად არის მყიფე კაპიტალიზმის პირობებში. ამას განსაკუთრებით განაპირობებს ფინანსურ ინსტრუმენტთა სირთულე და მრავალგვარობა.

ფინანსურ  კრიზისს წარმოშობის გარკვეული თავისებურება გააჩნია. იგი  მაშინ წარმოიშობა,  როცა კომპანიებს იმაზე მეტი ნაღდი ფული სჭირდებათ, ვიდრე მიღება შეუძლიათ. ისინი ამ დროს დაფინანსების ალტერნატიული გზების ძიებას იწყებენ და ახდენენ საბაზრო პოზიციების ლიკვიდაციას. ეს პროცესი გამოშვების დაცემასა და უმუშევრობის ზრდის მაპროვოცირებელია.  კრიზისის წარმომშობი კიდევ ერთი ფაქტორი დავალიანების მაღალი დონეა ეკონომიკაში. ამის წყალობით ფინანსურ სექტორში წარმოქმნილი არასტაბილურობა სხვა სფეროებსაც გადაეცემა და ზემოქმედებს მთლიან ეკონომიკაზე.

ზემოთ განხილული კრიზისების თეორიების ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური ცვლილებების  შედეგად წარმოიქმნება საქონლის ჭარბწარმოება. გრძელვადიანი ციკლი თავადვე მოიცავს მოკლევადიან და საშუალოვადიან ციკლებს, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენენ და ეს უფრო ართულებს კრიზისის მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას.

ეკონომიკურ ციკლებში ფინანსური სექტორის არასაკმარის როლშია პრობლემა. ფინანსური მექანიზმის გარეშე კრიზისის წარმოშობის მიზეზებისა და მისი განვითარების ტენდენციის გაგება შეუძლებელი ხდება.

დღევანდელობაში ფინანსური სფეროს მასშტაბები დიდი და საკმაოდ მოწყვლადი სფეროა. მას შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ციკლური პროცესების ცვლილებაზე  და კრიზისის განვითარებაზე, თუმცა  კრიზისის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი ფინანსური სექტორია.                                       

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კრიზისების უმეტესობა ფინანსურ სექტორში წარმოშობილი მწვავე მდგომარეობით იწყება და შემდგომ ედება მთელ  ეკონომიკას.

ეკონომიკაში როცა ხდება კრიზისის არიდებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება, ეს კიდევ უფრო ზრდის ახალი კრიზისის წარმოშობის რისკებს, რომელიც უფრო მწვავე შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ინოვაციების დანერგვაც სიღრმისეულ გათვლებს მოითხოვს.

კრიზისის წარმომშობი ფაქტორი შეიძლება იყოს დავალიანების მაღალი დონეც ეკონომიკაში. ამის წყალობით ფინანსურ სექტორში წარმოქმნილი არასტაბილურობა სხვა სფეროებსაც გადაეცემა და ზემოქმედებს მთლიან ეკონომიკაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბლანშარი ო., „მაკროეკონომიკა“, თსუ გამომცემლობა, თბილისი,  2010 წ.
  2. პაპავა ვ., „გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ომის შემდგომი საქართველოს პრობლემები“,  თბილისი,  2009 წ.
  3. მექვაბიშვილი ე., „თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები“. თბილისი,  2012 წ.
  4. სამუელსონი პ., ნორდჰაუსი უ., „ეკონომიკა“. თბილისი,  2000 წ.
  5. სილაგაძე ა., ეკონომიკური დოქტრინები, თბილისი,  2010 წ.
  6. ხადური ნ., ჩიქობავა მ., კაკულია ნ., ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკა, ლექციების კურსი,  რიდერი, 2013 წ.
  7. Arthur F. Burns, The Business Cycle in a Changing World, National Bureau of Economic Research, 1969
  8. Population and Economics Publication: Coronavirus crisis and Its affects on the economy; Published: 22 April, 2020
  9. Global Development and Environment Institute Working Paper 12-06: How to Prevet the Next Crisis? How to Reorient Finance?
  10. Kydland Finn and Prescott Edward, Contribution to Dynamic Macroeconomics: The Time Consistency of Economic Policy and the Driving Forces Behind Business Cycles, Advanced information on the Bank of Sweden Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel, 11 October, 2004
  11. http://www.sfu.ca/~bkrauth/econ808/808_lec5.pdf Real Business Cycles, Chapter 5 (5.1)
  12. https://www.stlouisfed.org/~/media/files/pdfs/great-depression/the-great-depression-wheelock-  overview.pdf
  13. https://www.nbg.gov.ge/uploads/journal/2014/2014_2/1.pdf
  14. http://www.tabula.ge/ge/story/53542-vin-beravs-bushtebs
  15. http://european.ge/ Anwar Shaikh “Globalization and the myth of free trade (2007)
  16. https://www.youtube.com/watch?v=-e8rt8RGjCM Cliff Bowman (2009)
  17. http://www.sfu.ca/~bkrauth/econ808/808_lec5.pdf
  18. http://forbes.ge/news/1007/cifruli-ekonomika%3A-krizisidan-gamosvlis-inovaciuri-gza
  19. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=29114
  20. https://www.radiotavisupleba.ge/a/2093753.html
  21. https://www.radiotavisupleba.ge/a/1561043.html
  22. https://www.nbg.gov.ge/bankjournal/uploads/journal/2014_2/1.pdf
  23. http://www.parliament.ge ,2017
  24. http://economcrisis2009.blogspot.com/2009/08/blog-post_7051.html
  25. http://www.papava.info/publications/Papava_omis_shemdgomi_ekonomikuri_politika.pdf
  26. https://1tv.ge/video/42-paraleli-2008-wlis-finansuri-krizisis-mizezebi/
  27. https://agora.ge/new/27094-JPMorgan-momdevno-finansuri-krizisi-msoflioshi-2020-tsels-daitsyeba
  28. https://blogs.imf.org/2020/04/14/the-great-lockdown-worst-economic-downturn-since-the-great-depression/
  29. http://forbes.ge/news/1007/cifruli-ekonomika%3A-krizisidan-gamosvlis-inovaciuri-gza
  30. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=29114
  31. https://www.youtube.com/watch?v=fGoB3T1kTW0
  32. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2020/annual_report_2019_num.pdf
  33. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2009/annual_report_geo_2009_new_web.pdf
  34. https://www.economist.com/finance-and-economics/2020/05/16/how-to-fight-an-economic-crisis-in-a-monetary-union